სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) არის დაავადებები, რომლებიც უპირატესად ვრცელდება ვაგინალური, ანალური ან ორალური სქესობრივი კავშირით.
აღნიშნული ინფექციები უფრო ხშირად ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში ვითარდება. არ არსებობს მათი საწინააღმდეგო ვაქცინა. ისინი იწვევენ ისეთ სერიოზულ გართულებებს, როგორიცაა მხედველობის დაკარგვა, უნაყოფობა და სიკვდილი.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) ვრცელდება ძალიან სწრაფად; ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ინფიცირდება და უმეტეს შემთხვევაში მათი ასაკი არ აღემატება 30 წელს.
საქართველოში გავრცელებულია შემდეგი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები:
1. სიფილისი
2. გონორეა
3. ტრიქომონიაზი
4. ქლამიდიოზი
5. კანდიდოზი (სოკოვანი დაავადება)
6. გენიტალური ჰერპესი
7. B და C ჰეპატიტი
8. ა.ი.ვ.-ინფექცია/შიდსი
გადაცემის გზები:
- დაუცველი სქესობრივი კავშირი (პრეზერვატივის გარეშე)
- დაავადებულთან მჭიდრო საყოფაცხოვრებო კავშირი
- ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) გამოწვეული ინფექციის/შიდსის, სიფილისის, B და С ჰეპატიტის შემთხვევაში, ინფიცირებული სისხლი
- დაავადებული დედა (ინფექცია გადადის ნაყოფზე და ახალშობილზე)
დამახასიათებელი სიმპტომები:
- წვა და ქავილი გენიტალიის არეში
- გამონადენი
- სიწითლე და გამონაყარი
- წყლული
- ხშირი და გაძნელებული შარდვა.
რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა და მამაკაცებმა:
ქალები:
- წყლულები, ბებერები ან წანაზარდები, სასქესო ორგანოების, სწორი ნაწლავის ან პირის მახლობლად
- უჩვეულო გამონადენი ან სუნი საშოდან
- ტკივილი მცირე მენჯის მიდამოში
- წვა და ტკივილი მენჯის მიდამოში
- ქავილი ან წვა საშოს გარშემო
- გახშირებული შარდვა
- სისხლდენა საშოდან, რომელიც არ ემთხვევა რეგულარულ ციკლს
- შესივებული ან გაწითლებული ყელი
- ტკივილი ღრმად საშოს შიგნით, სქესობრივი კავშირის დროს
- სურდო, სიცხით, შემცივნებით და ტკივილით
- შეშუპებული საზარდულის მიდამო
მამაკაცები:
- გამონადენი სასქესო ასოდან
- წყლულები, ბებერები ან წანაზარდები, სასქესო ორგანოების, სწორი ნაწლავის ან პირის მახლობლად
- წვა და ტკივილი შარდვის ან დეფეკაციის დროს
- სასქესო ორგანოების ქავილი
- გახშირებული შარდვა
- სურდო, შემცივნებით, სიცხით და ტკივილით
- შეშუპებული საზარდულის მიდამო.
შესაძლო გართულებები ქალებში:
- საშვილოსნოს გარე ორსულობა
- თვითნებური აბორტი
- ახალშობილზე ინფექციის გადადება
შესაძლო გართულებები მამაკაცებში:
- პროსტატიტი
- იმპოტენცია
- უშვილობა
- საშარდე მილის შევიწროვება
- სეფსისი
სიფილისი
სიფილისი ფართოდ გავრცელებული, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, რომლის მიერ ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი განუსაზღვრელი და ზოგჯერ შეუქცევადია.
მისი გამომწვევია მიკრობი მკრთალი სპიროქეტა.
რა გზით ხდება ინფიცირება:
- სქესობრივი კავშირით
- ინფიცირებულის ვაგინის, პენისის, ანუსის ან პირის ლორწოვან გარსთან კონტაქტით
- დაავადებულის წყლულებისა და გამონაყარის სითხესთან კონტაქტით
- დაინფიცირებული სისხლის საშუალებით (შპრიცი, ნემსი, ქირურგიული იარაღები)
- დაავადებული დედის მიერ შვილის დაავადება მუცლადყოფნის ან მშობიარობის დროს.
- ინფიცირება შეიძლება მოხდეს მთლიანობა დარღვეული კანიდან, დაავადებულის სპერმასთან, ვაგინასთან, გამონაყარის სითხესთან, სისლთან კონტაქტის შემთხვევაში.
დაავადება სიფილისი იწყება მას შემდეგ, რაც მკრთალი სპიროქეტა, ზემოთ აღნიშნული გზებით, დაავადებულისგან შეიჭრება მეორე ადამიანის ორგანიზმში.
დაახლოებით 3 კვირის შემდეგ, მიკრობის შეჭრის ადგილზე ვითარდება მაგარი შანკრი – ეროზიული წარმონაქმნი ინფილტრატით, რომლის სიდიდეც 1-5 სმ-მდეა.
თუ მკრთალი სპიროქეტა შეიჭრა უშუალოდ სისხლში, მაშინ შანკრი არ ვითარდება.
სიფილისისათვის დამახასიათებელი სომპტომებია:
- მაგარი შანკრი (მტკივნეული წყლული, ბუშტუკოვანი გამონაყარი) სასქესო ორგანოებზე, ანუსზე, სახის მიდამოში.
- გამონაყარი სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, ხელების და ფეხების ჩათვლით. ნიშანდობლივია გამონაყარი, რომელიც ლოკალიზებულია ტერფებზე.
- გრიპის მსგავსი სიმპტომები: თავის ტკივილი, სიცხე, შესიებული და მტკივნეული ჯირკვლები, სახსრების და ყელის ტკივილი.
რიგ შემთხვევაში დაავადების ნიშნები შეუმჩნეველია. სიმპტომები შესაძლოა მკურნალობის გარეშეც გაქრეს, მაგრამ ამ შემთხვევაში პირველადი სიფილისი გადადის მეორად ფორმაში და ავადმყოფი მაინც ინფიცირებული რჩება.
შანკრი ვითარდება პირის ღრუში და ტუჩებზე, რადგან მკრთალი სპიროქეტის არსებობისთვის ორალური მიდამო არაჩვეულებრივი გარემოა.
სტატისტიკურად ორალური შანკრი სიფილისით დაავადებულთა თითქმის მესამედს აღენიშნება. შემთხვევათა 2/3-ში გვხვდება სასქესო ორგანოებზე, ხოლო ყველაზე იშვიათად ლოკალიზდება სწორი ნაწლავისა და ფრჩხილების არეში.
რა მოხდება თუ მკურნალობას დროულად არ ჩაიტარებთ სპიროექტის შეჭრის ადგილზე წარმოქმნილი შანკრი, რამდენიმე კვირის შემდეგ ტოვებს ნაიარევს, ხოლო წყლული უკვალოდ ქრება. ყოველივე ეს მიუთითებს პირველადი სიფილისის გადასვლას მეორადში.
როდესაც სპიროქეტა სისხლის მიმოქცევის წრეში ვრცელდება, ავადმყოფს აღენიშნება სისუსტე, თავის, კუნთების, სახსრების ტკივილი და მაღალი სიცხე. ამის შემდეგ ჩნდება გამონაყარი სხეულზე, ზიანდება ლიმფური კვანძები (კეფის, კისრის, იღლიის, იდაყვის), იწყება თმის ცვენა. ეს ყველაფერი გრძელდება 2 თვემდე, ხოლო შემდეგ დაავადება ბრუნდება გამძაფრებული ძალით და ყალიბდება მეორადი რეციდიული სიფილისი.
3,4 ან იშვიათად 10 წლის შემდეგ შესაძლოა კვლავ განვითარდეს მესამეული სიფილისი.
სიფილისმა შეიძლება გამოიწვიოს:
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა
- დამბლა
- სიკვდილი
სიფილისი იწვევს ორსულობის მოშლას, მკვდრად შობადობას, ახალშობილის სიკვდილს, სიმახინჯეებს.
გონორეა
ეს არის ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადება. გამომწვევია - გონოკოკი. მისი გადადება ხდება სექსუალური კონტაქტის გზით.
სიმპტომები:
- თეთრი ან ჩირქოვანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან
- მტკივნეული ან გახშირებული შარდვა
- მუცლის ტკივილი და სისუსტე (ქალებში)
- წვა ან ტკივილი შარდვის ან დეფეკაციის დროს
- სპაზმები ან ტკივილი ჭიპის მიდამოში
რა მოხდება თუ არ ჩაიტარებთ მკურნალობას:
- დააინფიცირებთ პარტნიორს
- გამოიწვევს რეპროდუქციული ორგანოების სერიოზულ დაზიანებას
- დედა მშობიარობის დროს აავადებს შვილს
- იწვევს გულის დაავადებებს
- უნაყოფობას
- სიბრმავეს.
რა გავლენას ახდენს გონორეა ახალშობილზე?
ინფიცირებულ ახალშობილს უვითარდება თვალის, სასუნთქი გზების სეროზული დაავადებები, რაც ხშირად გამოუსწორებელი შედეგებით მთავრდება.
დიაგნოზის დადგენა ხდება გამონადენის შემოწმებით.
გონორეის თვითმკურნალობა საშიშია, რადგან ყველა ანტიმიკრობული პრეპარატი არ კლავს გონოკოკს, ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართოთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას.
ტრიქომონიაზი
ტრიქომონიაზი ინფექციაა, რომელსაც მიკრობი – ტრიქომონა იწვევს. იგი ფართოდ გავრცელებული, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, მაგრამ სხვა ადამიანებზე შეიძლება გადავიდეს დაავადებულის პირადი ნივთების გამოყენებითაც.
ტრიქომონა მრავალკეროვანი დაავადებაა:
იგი ხშირად ბუდდება ბართოლინის ჯირკვლებში, ურეთრაში, შარდის ბუშტში, საშვილოსნოში, კვერცხსავალ და სპერმის გამტარ მილებში და იწვევს ანთებით პროცესებს, რაც ხშირად უშვილობის მიზეზი ხდება.
დაავადების სიმპტომების და ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ შემდეგ ფორმებს:
პირველადი ტრიქომონიაზი: მწვავე, ქვემწვავე, მცირე სიმპტომიანი და ქრონიკული ფორმა.
- მწვავე და ქვემწვავე ფორმა ხასიათდება დიდი რაოდენობით ქაფიანი ჩირქოვანი გამონადენით, გარეთა სასქესო ორგანოების წვით და ქავილით. სიმძიმის შეგ პატარა მუცლის მიდამოში, უძილობით, ნევროზული მდგომარეობით, მტკივნეული შარდვით. ამ დროს სასქესო ორგანოები შეშუპებული და ჰიპერემიულია, არც თუ იშვიათად ყალიბდება საშვილოსნოს ყელის ეროზია.
- მცირე სიმპტომიანი ფორმის დროს დამახასიათებელია სასქესო ორგანოებიდან გამონადენი, ქავილი და წვა, რომელიც არის ან მცირე ინტენსივობით, ან საერთოდ არ არის.
- ქრონიკული ფორმა ხასიათდება ხანგრძლივი მიმდინარეობით და რეციდივებით. რეციდივის მიზეზი შეიძლება პირადი ჰიგიენის დაუცველობა და ექსტრაგენიტალური დაავადებები იყოს, რომლებიც იმუნიტეტს აქვეითებს. (მაგ.: გრიპი, გაციება).
ამ ფორმისათვის დამახასიათებელია მცირე გამონადენი და ვულვის ქავილი. ხოლო გამწვავებისას ვლინდება ყველა ის სიმპტომი, რაც მწვავე ფორმას ახასიათებს. ქრონიკული ფორმის დროს, შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არ იყოს გამწვავება, მაგრამ დაავადებული მიკრობის მატარებელია და შეუძლია სხვა ადამიანის ინფიცირება.
ქლამიდიოზი
ქლამიდიოზი, უჯრედშიდა პარაზიტის - ქლამიდიას მიერ გამოწვეული ანთებითი დაავადებაა. სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა შორის სიხშირით მხოლოდ ტრიქომონიაზს უთმობს ადგილს.
ქლამიდიით ინფიცირება ხდება სქესობრივი (ვაგინალური, ანალური, ორალური) გზით, პირადი მოხმარების საგნებიდან, თეთრეულიდან. ამრიგად, გამორიცხული არ არის ოჯახის ყველა წევრის დაავადება.
ქლამიდიით დაავადებული დედა მშობიარობის პროცესში აინფიცირებს თავის ახალშობილს.
ქლამიდიოზი არ ხასიათდება სპეციფიური კლინიკური ნიშნებით. მისი სიმპტომები სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიმპტომების მსგავსია.
ქლამიდიოზის დიაგნოსტირება წარმოებს სპეციალური ლაბორატორიული მეთოდით, რასაც წინ უნდა უსწრებდეს ტრიქომონიაზზე, გონორეაზე და კანდიდოზზე გამოკვლევა.
ქლამიდიოზური ინფექციის დროს ადგილი აქვს:
- სასქესო ორგანოებიდან გამონადენს
- ქავილს
- შეშუპებას
- საშოს ლორწოვანის ანთებას (კოლპიტს)
- საშვილოსნოს ყელის ეროზიას
- ბართოლინის ჯირკვლების ანთებას
- საშვილოსნოს, საკვერცხეების, კვერცხსავალი და სპრემის გამტარი მილების ანთებას.
ქლამიდიოზის მწვავე ფორმა ხშირად გადადის ქრონიკულ ფორმაში. ამდენად დაავადებული რჩება ინფექციის მატარებელი, ინფექციის გავრცელების წყარო.
გარდა გენიტალური ორგანოებისა, ქლამიდიოზური ინფექცია აზიანებს: საშარდე გზებს (ურეთრიტი), სახსრებს (ართრიტი), თვალის ლორწოვანა (კონიუნქტივიტი).
აღნიშნული ტრიადა (ურეთრიტი, ართრიტი, კონუქტივიტი) რეიტერის სინდრომის სახელწოდებითაა ცნობილი.
ახალშობილს, რომელიც დაავადებულია ქლამიდიოზით, უვითარდებათ კონუქტივიტი, ოტიტი, პნევმონია, ფარინგიტი, პროქტიტი. ქლამიდიოზური ინფექცია ღვიძლის ირგვლივ წარმოქმნის ექსუდატს და ლენტისმაგვარ შეხორცებებს (პერიჰეპატიტი), რომელიც ცნობილია ფიტაც-ჰიუ-კურტსის სინდრომის სახელწოდებით და აღინიშნება გონორეული ინფექციის დროსაც.
ქლამიდიოზური ინფექცია იწვევს უშვილობას ქალებში და მამაკაცებში. მან შეიძლება გაართულოს სხვა მიკრობებით გამოწვეული ქრონიკულად მიმდინარე დაავადებები.
კანდიდოზი
კანდიდოზი, სოკო კანდიდათი ან საფუარის სოკოთი გამოწვეული, საშოს ლორწოვანის ანთებაა. სოკო ბუდობს პირის, ნაწლავების, საშოს ლორწოვანში და კანზე.
კანდიდოზით დაავადებას ხელს უწყობს მრავალი ქრონიკული დაავადება: დიაბეტი, ტუბერკულოზი, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები და სხვა.
ინფიცირება ხდება სქესობრივი გზით, ასევე საყოფაცხოვრებო და პირად ნივთებთან შეხებით.
კანდიდოზის დროს გარეთა სასქესო ორგანოების გარდა, ანთება ვითარდება შიგნითა სასქესო ორგანოებშიც. (საშვილოსნო, საკვერცხეები, კვერცხსავალი მილები, საშარდე გზები).
კანდიდოზისთვის დამახასიათებელია:
- სასქესო ორგანოებიდან არასასიამოვნო სუნის მქონე გამონადენი
- ქავილი
- წვა
- გარეთა სასქესო ორგანოების შეშუპება
- შარდის შეკავება
- უძილობა
- ნერვოზული მდგომარეობა
ჰერპესი
ჰერპესი (ბუშტუკოვანი ლიქენი) არის ინფექცია, რომელსაც იწვევს უბრალო ჰერპესის ვირუსი (ჰერპეს სიმპლეხ).
ჰერპესი უჯრედშიდა პარაზიტია. „ცოცვით“ გადადის უჯრედიდან უჯრედში და ცდილობს გენურ უჯრედებში ჩაბუდებას.
ბუნებაში ცნობილი ჰერპესის 80 სახეობიდან კაცობრიობას მხოლოდ 8 სახეობა ემუქრება. ყოველი ჩვენგანი ამ ვირუსის პოტენციური მატარებელია.
ჰერპესის ვირუსი შესაძლოა ორგანიზმში შეუმჩნევლად ბუდობდეს მთელი ცხოვრება, მაგრამ ზოგჯერ საკმარისია ჩვეულებრივი გაციება, გადახურება, კრიტიკული დღეები (მენსტრუაცია), გადაღლა, ფსიქიური დაძაბულობა და სხვა, რომ ჩუმად მყოფი ვირუსი იწყებს „განრისხებას“.
ყველაზე ფართოდ გავრცელებულია უბრალო ჰერპესის პირველი და მეორე ტიპით, გამოწვეული დაავადებები. პირველი ტიპის ვირუსი აზიანებს სხეულს წელამდე. ხოლო მეორე ტიპის – წელლს ქვემოთ. თუმცა დღეისათვის გენიტალური ჰერპესის ყოველი მე-4 შემთხვევა ვირუსის პირველი ტიპითაა გამოწვეული, რაც გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირის შედეგია.
გენიტალიური ჰერპესის სიმპტომებია:
- წვრილბუშტუკოვანი გამონაყარი მუცლის, წელის, ბარძაყის, სასქესო ორგანოების, ყითა ნაწლავის მიდამოებზე
- შესიებული და მტკივნეული საზარდულის ჯირკვლები
- მტკივნეული შარდვა
ჰერპესი შეიძლება მიმდინარეობდეს ატიპიურად სიფილისის ან ქლამიდიოზური ინფექციის ფონზე.
ჰერპესი, ძირითადად სექსუალური გზით და გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირით გადადის, მაგრამ გამოირიცხული არ არის ვირუსის გადაცემის აირ-წვეთოვანი გზაც.
დაავადება იწყება ქავილით ან ჩხვლეტის შეგრძნებით. კანი წითლდება, ხდება მგრძნობიარე და მტკივნეული. შეწითლების ადგილებში წარმოიქმნება წვრილბუშტუკოვანი გამონაყარი მტევნისებური ან ერთეული, რასაც წინ უსწრებს შემცივნება, ზოგადი სისუსტე, სიცხე, ჯირკვლების გადიდება, წყლულების გასკდომა, „დასველება“.
როგორც კი წყლულები მოშუშდება, ფუფხი იწყებს მორბილებას. ტკივილი, გადიდებული ჯირკვლები და სიცხე ცხრება. მეორე კვირის დასასრულისთვის ქერქი იწყებს მოვარდნას.
მას შემდეგ, რაც წყლული საბოლოოდ მოშუშდება, ვირუსი "დასახლდება" ნერვულ უჯრედებში და ხდება პასიური. მის ხელმეორედ განრისხებას ხელს უწყობს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება: გაციება, ფსიქიკური სტრესი, ფიზიკური გადაღლა და სხვა.
საფრთხე: ავტოინოკულაცია (ვირუსის გავრცელება სხეულის სხვა ნაწილებზე: მაგ. თვალზე, რაც იწვევს მის სერიოზულ დაზიანებას სიბრმავესაც კი).
ჰერპერსით დაზიანებული, ღია წყლულის გზით შეიძლება სხვა მიკრობების მოხვედრა ორგანიზმში, რაც იწვევს დამატებითი ინფექციის განვითარებას.
ახალშობილებში, რომელთაც ჰერპესი შეძენილი ჰქონდათ ჩასახვის დროს მამისაგან და დაბადების დროს გენიტალური ჰერპერსით დაავადებული დედისაგან, დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და ზოგჯერ მისი გამოსავალი ლეტალურია.
დაკვირვებამ ცხადყო, რომ ქალებს, რომელთაც აქვთ გენიტალური ჰერპესი, არიან ცერვიკალური კიბოთი დაავადების მაღალი რისკის მატარებლები.
ჰეპატიტი
ჰეპატიტი A
A ჰეპატიტი გადამდები ვირუსული ინფექციაა, რომელიც ხანდახან ღვიძლის ფატალურ დაავადებას იწვევს. აღნიშნული დაავადება ძველად ინფექციური ჰეპატიტის სახელით იყო ნობილი. დღეისთვის მას A ჰეპატიტს უწოდებენ გამომწვევი ვირუსის საპატივსაცემოდ.
როგორ გადადის A ჰეპატიტი
- ფეკალიებით დაბინძურებული წყლის და საკვების საშვალებით
- პირადი ჰიგიენის წესების დაუცველობით
სიმპტომები
- სურდოს, ცხელება, შემცივნება, საერთო სისუსტე
- ანორექსია
- თვალის სკლერების და კანის სიყვითლე
- მუქი შარდი
- დაღლილობა
- აქოლიური (ღია ფერის) განავალი
A ჰეპატიტის მწვავე ფორმა ძალზე იშვიათად – 1% გადადის ქრონიკულ ფორმაში. მაგრამ, რადგანაც არის ალბათობა მისი ქრონიზაციის, საჭიროა დაავადებულმა ჩაატაროს დროული მკურნალობა.
ჰეპატიტი B
B ჰეპატიტი ვირუსული ინფექციაა, რომელსაც იწვევს HBV ვირუსი.
გადაცემის გზებია:
- სხვისი კბილის ჯაგრისის და საპარსი საშუალების გამოყენება
- დაუცველი სქესობრივი კონტაქტი (ანალური, ორალური, ვაგინალურ)
- ტატუირება
- სხვისი ნემსის ან შპრიცის მოხმარება
სიმპტომები
B ჰეპატიტი შეიძლება გამოვლინდეს შემდეგნაირად:
- საერთო სისუსტე, დაღლილობა, სურდო, მუცლის ტკივილი.
- კუჭის აშლილობა და აქოლიური (ღია ფერის) განავალი
- მუქი ფერის შარდი
- კანის ქავილი
- კანის სიყვითლე
- სახსრების ტკივილი
- გამონაყარი კანზე, სხეულის ტემპერატურის მომატება
ზოგჯერ, B ჰეპატიტი მიმდინარეობს ისე რომ, დაავადებისათვის დამახასიათებელი, ზემოთ აღნიშნული სიმპტომები, სრულიად არ ვლინდება.
ჰეპატიტი C
C ჰეპატიტი ღვიძლის ვირუსული ინფექციაა, რომელსაც HCV ვირუსი იწვევს.
გადაცემის გზებია:
- დაუცველი სქესობრივი კავშირი
- სხვისი კბილის ჯაგრისის ან საპარსის გამოყენება
- ტატუირება
- სხვისი ნემსის ან შპრიცის მოხმარება
ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებიაა:
- საერთო სისუსტე
- კუნთების და სახსრების ტკივილი
- დიარეა
- დისკომფორტი მუცლის მიდამოში
- მუქი შარდი ან/და ღია (აქოლიური) ფერის განავალი
- თვალის სკლერების და კანის სიყვითლე
- ღებინება
შესაძლოა, რომ ზემოთ აღნიშნული სიმპტომები, სრულებით არ გამოვლინდეს.
C ჰეპატიტის დაავადებული პირები ღვიძლის ციროზის და კიბოს განვითარების რისკის ქვეშ იმყოფებიან. B და C ჰეპატიტებს ახასიათებთ მწვავე და ქრონიკული მიმდინარეობა. თუ სისხლის ანალიზმა ჰეპატიტის არსებობა დაადასტურა, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ჰეპატიტი შეიძლება გამოჯანსაღებით დამთავრდეს, უმეტეს შემთხვევებში, განსაკუთრებით ქრონიკული ფორმის დროს, ჰეპატიტი ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. დრეისათვის ჰეპატიტის სრული განკურნება პრობლემატურია, თუმცა შესაძლებელია დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის შენარჩუნება, თუ ავადმყოფი უარს იტყვის ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებზე, როგორიც არის ალკოჰოლი და ნარკოტიკები. სასურველია შეიზღუდოს ცხარე და ცხიმიანი საკვები.
ა.ი.ვ.-ინფექცია/შიდსი
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ აზიანებს იმუნურ სისტემას, რის შედეგადაც ინფიცირებულ პირს ადვილად უჩნდება სხვადასხვა ინფექციური დაავადებები. შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი არის ამ ვირუსით გამოწვეული ინფექციის ბოლო სტადია, როდესაც ავადმყოფს უვითარდება გარკვეული კლინიკური ნიშნები.
გადაცემის გზები:
- დაუცველი სქესობრივი კონტაქტი
- შიდსის ვირუსს შეიცავს, სისხლი, სპერმა, საშოდან გამონადენი
- ინფიცირებული სისხლი (სისხლის გადასხმა, ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარება საერთო შპრიცით, არასტერილური სამედიცინო და საპარიკმახერო ინსტრუმენტების გამოყენება)
- დაავადებული დედა (ინფექცია გადადის ნაყოფზე, ახალშობილზე) ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ)/შიდსი არ გადადის:
- საერთო მოხმარების საგნების (ჭურჭელი, აბაზანა, პირადი ჰიგიენის ნივთები)
- მწერების ნაკბენი
- ხელის ჩამორთმევით, დახველებით, დაცემინებით, კოცნით, მოფერებით.
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეულ ინფექციის მიმდინარეობაში, არჩევენ 3 ფაზას.
- ასიმპტომური ფაზა: ინფიცირების მომენტიდან იგი შესაძლებელია რამოდენიმე წელი გაგრძელდეს (3-10 წელი) ამ პერიოპდში ადამიანი ვირუსის მატარებელია, შეუძლია ინფექციის გადაცემა, მაგრამ არ აქვს ჩივილები და დაავადების ნიშნები.
- მცირე სიმპტომების ფაზა: ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: ფაღარათით, ცხელებით, წონაში კლებით, ინფექციური დაავადებების ხშირი განვითარებით.
- გამოხატული სიმპტომების ფაზა - შიდსი: იმუნური სისტემა მძიმედ არის დაზიანებული. უპირატესად ვითარდება ფილტვების, თავის ტვინის, კუჭ-ნაწლავის სისტემის ინფექციური დაავადებები. თავს იჩენს სიმსივნეებიც. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სისხლის სათანადო ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად.
დღეისთვის აივ ინფექციის სამკურნალოდ არსებობს ანტივირუსული მედიკამენტების ფართო სპექტრი. თუმცა ეს პრეპარატები სრულად ვერ თრგუნავენ ვირუსს და მხოლოდ აფერხებენ მის გამრავლებას. შეიძლება აივ - ინფექციის ფონზე განვითარებული გართულებების თავიდან აცილება და შრომისუნარიანობის ხანგრძლივად შენარჩუნება.
|