სიარულის მოშლა
სიარულის მოშლა და ვერტიკალური პოზის შენარჩუნების გაძნელება აღინიშნება სხვადასხვა პათოლოგიის დროს; შეიძლება განვითარდეს მწვავედ, თანდათანობით ან როგორც რომელიმე დაავადების გართულება; საჭიროა თავის ან ზურგის ტვინის რენტგენული (CT) ან მაგნიტურ რეზონანსული (MRI) კომპიუტერული ტომოგრაფია, ელექტრონეირომიოგრაფიული გამოკვლევა, ტრანსკრანიული დოპლეროგრაფია და სხვ.
სპასტიური სიარული – ავადმყოფს უძნელდება ფეხის მოხრა მუხლის სახსრებში და კიდურების მოცილება იატაკიდან (გვხდება როგორც თავის, ისე ზურგის ტვინის დაზიანების დროს);
სპასტიკურ-ჰემიპარეზული სიარული – ცერებრული ინსულტის აღდენით პერიოდში კუნთთა ტონუსის სპეციფიკური გადანაწილების გამო ავადმყოფის სიარული მოცელვითი ხასიათისაა;
პარეზული სიარული ანუ სიარული სტეპაჟით აღინიშნება ქვედა კიდურის სხვადასხვა პერიფერიული ნერვის დაზიანების შემთხვევაში;
მთვრალისებრი სიარული (ავადმყოფი დადის ზიგზაგით) ნათხემის პათოლოგიის დროს;
ტაბესური სიარული ვლინდება ზურგის ტვინის უკანა სვეტების დაზიანების შემთხვევაში (სიარულის დროს ავადმყოფი იატაკს დასცქერის, გაშლილ ფეხს მაღლა სწევს, გაშლილსავე დაუშვებს და ქუსლს მაგრად არტყამს იატაკს; აღნიშნულის მიუხედავად, ავადმყოფი სწორ ხაზს არ უხვევს);
ასტაზია-აბაზია (დგომისა და სიარულის შეუძლებლობა – დამბლის გარეშე) ვლინდება შუბლის წილის დაზიანების დროს;
„თოჯინას“ სიარული (ავადმყოფს თავი და ტანი დახრილი აქვს წინ; დადის ნელა, მოკლე-მოკლე ნაბიჯებით; მისი ხელები მოზიდულია და ზომიერად მოხრილია იდაყვის სახსრებში; მოსპობილია ხელების თანმხლები მოძრაობა) აღინიშნება ამიოსტატიკური სინდრომის და პარკინსონის დაავადების დროს;
„იხვისმაგვარი“ სიარული (განპირობებული ქვედა კიდურების პროქსიმალური ჯგუფის კუნთების სისუსტით) აღინიშნება კუნთების პროგრესული დისტროფიის დროს
|