ვაჟა-ფშაველას 75
ტელ. (+995 32) 233299, 2314656
e-mail: tbilisicenter2014@yahoo.com
unionwomencenter@gmail.com
skype women.center

 


ივანე ვერულაშვილი

პროფესორი
ივანე ვერულაშვილი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგე და ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიის კათედრის გამგე.


თავის ტკივილი (ტემპერატურული რეაქციის გარეშე)

თავის ტკივილი (უპირატესად ლოკალიზებული კეფის არეში) დამახასიათებელია არტერიული წნევის მომატებისათვის – პირველ რიგში, საჭირო არის არტერიული წნევის გაზომვა;

თავის ტკივილი (პერიოდული, ძლიერი ინტენსივობის, ზოგჯერ პირღებინებით) დამახასიათებელია შაკიკისათვის – დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა თვალის ფსკერის გამოკვლევა და თავის ქალას ღო გადაღება (ქალაშიდა წნევის მომატების გამოსარიცხად, რომელიც თავის ტკივილის მიზეზია თავის ტვინის მოცულობითი პროცესების დროს);

თავის ტკივილი განპირობებული სათვალეების არასწორი შერჩევით – საჭიროა მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა და თვალის ფსკერის გამოკვლევა;

თავის ტკივილი დილით გამოღვიძებისას („მძიმე თავი“, „თავში სიმძიმის“ შეგრძნება) დამახასიათებელია ვენური ენცეფალოპათიისთვის – საჭიროა თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული გამოკვლევა (MRI) ანგიოგრაფიულ რეჟიმში;

თავის ტკივილი ალკოჰოლის მიღების შემდეგ დამახასიათებელი ცერებრული სისხლძარღვების დისტონიისთვის – საჭიროა ცერებრული სისხლძარღვების ულტრაბგერითი კვლევა;

თავის ტკივილი, ბრადიკარდია (პულსის შენელება) და ანიზოკორია (არა თანაბარი გუგები) დამახასიათებელია ტვინის აბსცესისთვის – საჭიროა თავის ტვინის რენტგენული (CT) ან მაგნიტურ რეზონანსული (MRI) კომპიუტერული ტომოგრაფია;

თავის ტკივილი და პირღებინება (ხშირად თავბრუსხვევა და მხედველობის მოშლა) დამახასიათებელია თავის ტვინის სიმსივნეებისათვის – საჭიროა თვალის ფსკერის გამოკვლევა და თავის ტვინის რენტგენული (CT) ან მაგნიტურ რეზონანსული (MRI) კომპიუტერული ტომოგრაფია (ზოგჯერ კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით);

თავის ტკივილი (თავში მძიმე საგნის ჩარტყმის შეგრძნებით), ფსიქომოტორული აგზნება, ზოგჯერ პირღებინება და კისრის კუნთების დაჭიმულობა დამახასიათებელია სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევისათვის – საჭიროა თავ-ზურგ-ტვინის სითხის გამოკვლევა, თავის ტვინის რენტგენული კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და დიგიტალური ანგიოგრაფია;

თავის ტკივილი (ცეფალგია) სხვადასხვა დაავადების დროს – თვალის და ორბიტის ქსოვილების დაავადებები, ჰაიმორის და დამატებითი ღრუების ანთება, ოტოგენური დაავადებები, თავის ქალას და კისრის მყეს-კუნთოვანი სტრუქტურების პათოლოგია; ეტიოტროპული მკურნალობისათვის ავადმყოფი კონსულტირებული უნდა იყოს შესაბამისი სპეციალისტის მიერ.

თავის ტკივილი (ტემპერატურული რეაქციის გარეშე)

თავის ტკივილი ტემპერატურული რეაქციის ფონზე, თანდართული პირღებინებით და მენინგეალური სიმპტომოკომპლექსით დამახასიათებელია თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთებისათვის ანუ მენინგიტისთვის – ეჭვის შემთხვევაშიც კი საჭიროა თავ-ზურგ-ტვინის სითხის გამოკვლევა, ვინაიდან არსებობს მენინგიტის ელვისებური ფორმა, როდესაც მკურნალობა პირველსავე საათებში თუ არ დაიწყო – ავადმყოფი დაიღუპება;

თავის ტკივილი სხეულის მაღალი ტემპერატურის ფონზე, ბავშვებში აღინიშნება სხვადასხვა ინფექციური დაავადების დროს (ანგინა, წითელა, ქუნთრუშა და სხვ.).