ვაჟა-ფშაველას 75
ტელ. (+995 32) 233299, 2314656
e-mail: tbilisicenter2014@yahoo.com
unionwomencenter@gmail.com
skype women.center

 


ლეილა კალაძე

პროფესორი
ლიელა კალაძე


თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა

თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობის განვითარება სიცოცხლისათვის საშიშია და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას.

თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა შეიძლება იყოს პირველადი – გამოწვეული ქერქოვანი შრის დაზიანებით ან მეორადი – გამოწვეული ჰიპოფიზის მიერ ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის სეკრეციის დაქვეითებით. თირკმელზედა ჯირკვლის დესტრუქციას იწვევს ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები (ტუბერკულოზი, ბლასტომიკოზი, მენინგოკოკური ინფექცია, სეფსისი), აუტოიმუნური პროცესები, სიმსივნის მეტასტაზები, ზოგიერთი პრეპარატები (ანტიკოაგულანტები, სპირინოლაქტონი, ბარბიტურატები, სტეროიდოგენეზის ბლოკატორები). მეორადი თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის განვითარების მიზეზებია: ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის იზოლირებადი დეფიციტი, ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის სიმსივნეები, სისხლძარღვოვანი დაავადებები, სარკოიდოზი, სიფილისი, აუტოიმუნური ჰიპოფიზიტი, ოპერაციული ჩარევა თავის ტვინზე, ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის დასხივება, კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი მიღება.

კლინიკური სურათი თანდათანობით ვითარდება და დამახასიათებელია: საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა (ეს ორი სიმპტომი დაავადების ადრეულ სტადიაზე ვითარდება და აღინიშნება დღის მეორე ნახევარში), კანისა და ლორწოვანი გარსის პიგმენტაციის გაძლიერება, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, სხეულის მასის დაქვეითება, არტერიული წნევის დაქვეითება გონების დაკარგვით და თავბრუსხვევით, სპონტანური ჰიპოგლიკემია, სისუსტე და დაღლა დროთა განმავლობაში ხდება მუდმივი. ვითარდება ფსიქიური ასთენიზაცია ფსიქოზების განვითარებით.

დიაგნოზი დგინდება ჰორმონალური, იმუნოლოგიური და ბიოქიმიური გამოკვლევებით და აუცილებელია გამოკვლევები ორგანიზმში ინფექციური პროცესების გამოსავლენად. მეორადი თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის დასადგენად აუცილებელია ოფთალმოლოგიური, რენტგენოლოგიური გამოკვლევები, თავის ტვინის ტომოგრაფია, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

მკურნალობა მიმართულია ერთის მხრივ მიზეზის აღმოსაფხვრელად, მეორეს მხრივ კორტიკოსტეროიდების დეფიციტის შესავსებად. ეტიოტროპული მკურნალობა მეორადი თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის დროს (ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის სიმსივნე) გულისხმობს ოპერაციულ ჩარევას, რადიოთერაპიას ან მათ კომბინაციას.