ჰიპოფიზალური უკმარისობა
ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება პანჰიპოპიტუიტარიზმისა და ვაზოპრესინის დეფიციტის ერთდროული არსებობა (უშაქრო დიაბეტი).
პანჰიპოპიტუიტარიზმი ან ტოტალური ჰიპოპიტუიტარიზმი – ეს არის სინდრომი, რომლის დროსაც ადგილი აქვს ჰიპოფიზის ყველა ტროპული ჰორმონის სეკრეციის დარღვევას.
გამომწვევი მ,იზეზებია: ჰიპოფიზის იშემიური ნეკროზი, ჰიპოფიზში სისხლჩაქცევა, ინფექციური დაავადებები (მალარია, ტუბერკულოზი, სიფილისი, მენინგიტი), ჰიპოფიზის დასხივება, ქირურგიული ჩარევა ჰიპოფიზზე, მეტაბოლური დარღვევები, იმუნოლოგიური დარღვევები, ჰიპოთალამუსის ან თავის ტვინის სხვა უბნების დაზიანება.
ხშირ შემთხვევაში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰიპოპიტუიტარიზმი მიმდინარეობს ფარულად.
ზრდის ჰორმონის სეკრეციის დაქვეითება იწვევს ჩონჩხისა და გლუვი კუნთების პროგრესულ ატროფიას, იზრდება ცხიმის ჩალაგება, მცირდება შრომისუნარიანობა.
სასქესო ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა ვლინდება იმპოტენციაში, სქესობრივი ლტოლვის არქონაში, აღინიშნება შინაგანი და გარეგანი სასქესო ორგანოების ატროფია, ქალებში მენსტრუაციის ნაადრევი შეწყვეტა, სარძევე ჯირკვლების ზომის შემცირება მოცულობაში.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემცირება იწვევს ჰიპოთირეოზის განვითარებას, რომლისათვისაც დამახასიათებელია: ძილიანობა, ადინამია, გონებრივი და ფიზიკური აქტიურების დაქვეითება, გულის რითმის შენელება.
თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის შემცირება აღრმავეს საერთო სისუსტეს, ადინამიას, ვითარდება ჰიპოტენზია, გლუკოზის დონის კლება სისხლში. ჰიპოთალამუსის ან ნეიროჰიპოფიზის დაზიანების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს ვაზოპრესინის უკმარისობას და უშაქრო დიაბეტის განვითარებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია: ძლიერი წყურვილი და დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა, შარდის დაბალი ხვედრითი წონა. მიღებული სითხის რაოდენობა დღეში შეიძლება იყოს 3-დან 20 ლიტრამდე.
დაავადების კლინიკურ სურათში ჰიპოთალამური კომპონენტი შეიძლება გამოვლინდეს ვეგეტატიური კრიზებით, რომლის დროსაც დამახასიათებელია გლუკოზის დონის კლება სისხლში, ოფლიანობა, კანკალი, კრუნჩხვები, პოლიურია, ფსიქიური დარღვევებისას აღინიშნება ემოციური აქტივობის დაქვეითება, დეპრესია.
კახექსიურ ავადმყოფებში, სადაც სჭარბობს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, აღინიშნება ყველა სიმპტომის სწრაფი პროგრესირება და ლეტალური გამოსავალი.
დიაგნოზი ისმება კლინიკური ნიშნებით, ჰორმონალური გამოკვლევებით, ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
ავადმყოფები საჭიროებენ მუდმივ ჩანათვლებით თერაპიას პერიფერიული ენდოკრინული ჯირკვლების ჰორმონალური პრეპარატებით. |