ვაჟა-ფშაველას 75
ტელ. (+995 32) 233299, 2314656
e-mail: tbilisicenter2014@yahoo.com
unionwomencenter@gmail.com
skype women.center

 


ნინო ქართველიშვილი

ნინო ქართველიშვილი

ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი; ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი; ევროპისა და ამერიკის ონკოლოგთა და ონკოლოგ ქირურგთა საზოგადოებების წევრი; ევროპა დონას ნაციონალური წარმომადგენელი საქართველოში.


სარძევე ჯირკვლების პათოლოგიები

 

1. ძუძუს ანთება

2. მასტოპათია

3. ძუძუს კეთილთვისებიანი სიმსივნეები

4. ძუძუს კიბო

5. ძუძუს სარკომა

6. პეჯეტის დაავადება

7. ნიშნები რომელთა არსებობის შემთხვევაში ეჭვი უნდა იქნეს მიტანილი ძუძუს კიბოზე

 

ძუძუს ანთება

ძუძუს ანთებას მასტიტი ეწოდება. მისი გამომწევია სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები და სხვა ჩირქოვანი მიკრობები, რომლებიც ქალის ორგანიზმში დაზიანებული კანის საფარველიდან (დვრილის ნახეთქები) ან სარძევე სადინრებიდან აღწევენ. არსებობს მასტიტის სეროზული, ინფილტრაციული და ჩირქოვანი ფორმები. დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებით მაღალი ტემპერატურით – 38°ჩ. აღინიშნება ძუძუს ტკივილი, ზომაში მომატება, კანის საფარველი გაწითლებულია, კანქვეშა ვენები გაფართოებულია. იღლიის ლიმფური კვანძები გადიდებული და მტკივნეულია. დაავადების დასაწყისისათვის ინფილტრატს არ გააჩნია მკვეტრი საძღვრები დროთა განმავლობაში ინფილტრატი რბილდება რაც მისი დაჩირქებით აიხსნება. პალპაციით აღინიშნება ფლუქტუაცია. ინტოქსიკაციის მატებასთან ერთად იცვლება სისხლის პერიფერიული სურათი. აღინიშნება ლეიკოციტოზი და ედს-ის მომატება.

ძუძუს ტუბერკულოზური და აქტინომიკოზური მასტიტი იშვიათად გვხვდება და მათი დიაგნოსტიკა გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული.


მასტოპათია

მასტოპათია - ეს არის ძუძუს დისჰორმონალური ჰიპერპლაზიური პროცესი, რომელიც საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ კლასიფიცირდება, როგორც ფიბროზულ-კისტოზური დაავადება. მას ახასიათებს ძუძუს ქსოვილის პროლიფერაციული და რეგრესიული პროცესების ფართო სპექტრი. არსებობს მასტოპათიის პროლიფერაციული და არაპროლიფერაციული ფორმები. მართალია მასტოპათია არ ითვლება ობლიგატურ ძუძუს კიბოსწინა დაავადებად, მაგრამ ამ პათოლოგიის მატარებელ ქალებს 3-5-ჯერ ეზრდებათ კიბოს განვითარების რისკი, ხოლო პროლიფერაციული ფორმების დროს - 25-30-ჯერ. ატიპიური პრლიფერაციული პროცესი კიდევ უფრო ზრდის რისკს, ამიტომ მასტოპათიების პროლიფერაციული ფორმა ეპითელის ჰიპერპლაზიითა და დისპლაზიით, ითვლება ძუძუს კიბოსწინა დაავადებად.
კლინიკური თვალსაზრისით მასტოპათია შეიძლება დაიყოს: დიფუზური და კვანძოვანი. ასეთი დაყოფა ექიმისათვის ხელსაყრელია მკურნალობის ტაქტიკის ასარჩევად.

დიფუზური მასტოპათია – ნეირო-ენდოკრინული რეგულაციის დარღვევა თავდაპირველად ძუძუში იწვევს დიფუზურ ცვლილებებს, რომლის კლინიკური გამოვლინებაა სხვადასხვა ხასიათისა და ინტენსივობის ტკივილი ძუძუში მენსტრუაციის დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე. მენსტრუაციის შემდეგ ტკივილი გაივლის. დროთა განმავლობაში, შესაბამისი მკურნალობის არ არსებობის შემთხვევაში, ტკივილი უფრო ინტენსიური და ხანგრძლივი ხდება, რომელიც ირადიაციას განიცდის მხარში, იღლიაში, ბეჭში, კისერში, ყურის ნიჟარაზე. ავადმყოფები ხდებიან მოუსვენრები და ემართებათ კანცეროფობია. არნიშნული კლინიკური სურათი დიფუზური მასტოპათიის საწყისი სტადიაა და მას მასტალგია (მასტოდინია, მაზოპლაზია, მტკივნეული მკერდი) ეწოდება. ხშირია 35 წლამდე ასაკის ქალებშიდაავადების პროგრესირების შემდგომ ეტაპზე ძუძუში ჩნდება გამკვრივებული უბნები მკვეთრი საზღვრების გარეშე, შეიგრძნობა ტიხრები, წილაკოვნება, მარცვლოვნება, ძუძუ გაჯირჯვებულია. უფრო ხშირი ლოკალიზაციაა ზემო გარეთა კვადრანტი. დვრილზე ზეწოლით შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ხასიათის გამონადენი, ხსენი სეროზული, მომწვანო ფერის და ა.შ. მტკივნეული უბნები და გამონადენი დვრილიდან მენსტრუაციის შემდეგ მცირდება.

კვანძოვანი მასტოპათია – ეს ფორმა გვხვდება 30-დან 50-წლამდე ქალებში. პალპაციით გამკვრივებული უბნები უფრო მკვეთრი ხდება. შეიგრძნობა ტიხრები, წილაკოვნება, მარცვლოვნება. პალპაცია შესაძლებელია ავადმყოფის ვერტიკალურ მდგომარეობაში. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში წარმონაქმნი თითქოსდა იკარგება ირგვლივ დიფუზურად გამკვრივებულ ქსოვილში და ხელის გულით ზეწოლის დროს მისი შეგრძნება უკვე შეუძლებელი ხდება – ეს არის უარყოფითი კენიგის სიმპტომი. კანის სიმპტომი და გადიდებული რეგიონული ლიმფური კვანძები არ აღინიშნება. კვანძი შეიძლება იყოს ერთ ან ორივე ძუძუში, ერთი ან მრავლობითი. წარმონაქმნის ირგვლივ აღინიშნება დიფუზური მასტოპათიის უბნები.

ცისტური მასტოპათიის რამოდენიმე ფორმას გამოყოფენ: ა) გალაქტორეა – ჰიპერპროლაქტინემიის შედეგად ორსულობის არ არსებობისას აღინიშნება ლაქტაციის პროცესი; ბ) წვრილი ცისტური დაავადება – ორმხრივი დაავადებაა, მისთვის დანმახასიათებელი კლინიკურ-მორფოლოგიური ცვლილებები დაკავშირებულია მთელ რიგ დისჰორმონულ ცვლილებებთან; გ) რეტენციული ცისტები – სადა კედლებით პროლიფერაციის გარეშე; დ) ღია ცისტები – მომწვანო-მორუხო გამონადენით, როცა ძუძუში პალპაციით ისინჯება სადა ზედაპირის მქონე, ელასტიური სოლიდური ან მრავლობითი წარმონაქმნები.

ინტრადუქტული პაპილომა (ლუტენდე მამმაე, მინცის დაავადება) – კეთილთვისებიანი, ეპითელურქსოვილოვანი პაპილარული წარმონაქმნია, რომელიც ძუძუს მსხვილ სადინრებში ვითარდება. იგი ითვლება ობლიგატურ კიბოსწინა დაავადებად. ხშირად პაპილომატოზური წარმონაქმნი ზედაპირულად ვითარდება და ამიტომაც ძუძუს მსუბუქი შეხებაც კი მის ტრავმირებას იწვევს და მიკრო ჰემორაგია მოჰყვება. როგორც წესი დვრილიდან ჰემორაგიას პაციენტები ბილიოს სისხლიანი ლაქებით დასვრის შემდეგ აღმოაჩენენ, ან კიდევ მათ ყურადღებას დვრილზე სისხლის შედედების შედეგად წარმოქმნილი ქერქისებური საფარველი იპყრობს. თუ პაპილომები ტერმინალურ სარძევე სადინრებში ვითარდება, არეოლის ირგვლის შესაძლებელი ხდება სიმსივნური წარმონაქმნის პალპირება. ზეწოლის შედეგად დვრილზე სისხლის წვეთი ჩნდება. როდესაც პაპილომები უფრო ღრმად მდებარე სადინრებში ან კისტოზურ წამონაქმნებში ჩნდება, მისი პალპაციით გამოვლენა ძალზე ძნელია. პაპილომატოზური წარმონაქმნი შეიძლება იყოს ერთეული და მრავლობითი. მრავლობითი პაპილომები უფრო ხშირად გაავთვისებიანდება, ვიდრე ერთეულები.


ძუძუს კეთილთვისებიანი სიმსივნეები

ძუძუს ადენომა (ტუბულარული, ლაქტაციის ნიშნებით) იშვიათი სიმსივნეა. წარმოიქმნება ეპითელური ქსოვილისაგან, ჯირკვლოვანი ელემენტების პროლიფერაციით და გააჩნია კაფსულა. იგი გლუვი ზედაპირის მქონე ელასტიური სიმსივნეა. შეიძლება შეგვხვდეს ორსულებში. კანის სიმპტომი და გადიდებული რეგიონული ლიმფური კვანძები არ აღინიშნება.

დვრილის ადენომა – ეპითელურქსოვილოვანი სიმსივნეა. ძალზე იშვიათია. დვრილიდან სეროზულ-ჰემორაგიული გამონადენი ახასიათებს. დვრილი შეიძლება დაწყლულდეს და დაიფაროს ზემოდან ქერქით (ძალიან ჰგავს პეჯეტის დაავადებას). პალპაციით დვრილის სიღრმეში ისინჯება რბილ-ელასტიური კვანძი. კანის სიმპტომი და გადიდებული რეგიონული ლიმფური კვანძები არ აღინიშნება.

ფიბროადენომა - შერეული (შემაერთებელი და ეპითელური ქსოვილი) კეთილთვისებიანი სიმსივნეა. იგი უფრო ხშირია ახალგაზრდა ქალებში. შეიძლება იყოს ერთეული ან მრავლობითი. ვითარდება ერთ ან ორივე ძუძუში. პალპაციით ისინჯება მომრგვალო ფორმის, მკვეთრი საზღვრების და გლუვი ზედაპირის მქონე სიმსივნე. იგი ადვილად მოძრავია, ირგვლივ მდებარე ქსოვილებთან და კანთან არ არის დაკავშირებული და უმტკივნეულოა. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ხელისგულის სიმპტომი (კენიგის სიმპტომი) დადებითია. ფიბროადენომა ზომაში შეიძლება იყოს ძალზე პატარა ან კიდევ რამოდენიმე სანტიმეტრი დიამეტრის. ზოგჯერ ძალიან სწრაფად იზრდება და ძუძუს დიდი ნაწილს იკავებს, მისი შემჩნევა ვიზუალიზაციის დროსაც შესაძლებელია. ფიბროადენომები მალიგნიზირდება უფრო იშვიათად, ვიდრე მასტოპათიები.

ფოთლისებური ფიბროადენომა – კლინიკური გამოვლინება თითქმის იგივეა როგორიც ფიბროადენომის დროს: სიმსივნე მკვეთრი კონტურებით, გლუვი ზედაპირით, ინტაქტური კანთან მიმრთებაში. მას ახასიათებს ძალიან სწრაფი ზრდა, აღწევს გიგანტურ ზომებს (20 სმ დიამეტრი).

ლიპომა გვხვდება იშვიათად, რბილი კონსისტენციისაა და ახასიათებს წილაკოვანი შენება. ლიპოგრანულომა, ისევე როგორც ლიპომა, იშვიათობას წარმოადგენს. ის ჩნდება შემოფარგლული ანთებითი პოროცესებისას, ან ტრავმების შედეგად, ან კიდევ ჩატარებული ინექციის ადგილზე. არ აქვს მკვეთრად გამოხატული საზღვრები, რბილი კონსისტენციისაა, თუმცა ცენტრში გამოხატულია გამკვრივება, რის გამოც შეიძლება გამოხატული იყოს კანის ჩაბრუნება (ჭიპის სიმპტომი). გალაქტოცელე გხვედება ლაქტაციის ან მისი დამთავრების შემდეგ. წააგავს დიდ ცისტას.


ძუძუს კიბო

ძუძუს კიბოსათვის დამახასიათებელია კანისა და რეგიონული ლიმფური კვანძების სიმპტომები. ცნობილია ,,ფორთოხლის კანის’’, უმბილიკაციის, მოედნის, პრიბრამის (დვრილის მოქაჩვისას სიმსივნური წარმონაქმნი მოჰყვება მას), კენიგის (ხელისგულის სიმპტომი), კრაუზეს (არეოლის და დვრილის კანის გასქელება და შეშუპება), პაირის (კანი იკრიბება გასწვრივის ნაცვლად განივ ნაოჭებში) სიმპტომები.

ძუძუს კიბოს კლინიკური ვარიანტებიდან აღსანიშნავია კვანძოვანი, დიფუზური, პეჯეტის დაავადება და იშვიათი ფორმები. ამ ფორმებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება კვანძოვანი კიბო. იგი უფრო ხშირად ვითარდება ზემო გარეთა კვადრანტში ან ცენტრალურად, თუმცა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ადგილას. მკვრივი, ხორკლიანი, მოძრაობაში შეზღუდული წარმონაქმნია. ცენტრალური მდებარეობისას დვრილი გვერდზეა გადახრილი. პროცესისი გავრცელებას მისი ჩაბრუნება მოჰყვება.

ძუძუს დიფუზურ კიბოს ახასიათებს სიმსივნის სწრაფი გავრცელება, როგორც სარძევე ჯირკვალში, ისე მის საზღვრებს გარეთ. მეტასტაზირებს, როგორც ლიმფურ კვანძებში, ისე შორეულად. დიფუზურ ფორმებს მიეკუთვნება: შეშუპებით-ინფილტრაციული, ,,ჯავშნიანი ფორმა’’, ერიზიპელოიდური (წითელი ქარისებური), მასტიტისმაგვარი (მწვავე კარცინომატოზური მასტიტი).

ერიზიპელოიდური კიბოს დროს ძუძუში ისინჯება მკვრივი სიმსივნური წარმონაქმნი. გარეგნულად იგი წითელ ქარს მოგვაგონებს, რის გამოც ხშირად დიაგნოზი არასწორად ისმება. პროცესი იწყება სწრაფად, მალე პროგრესირებს და პროგნოზიც არასაიმედოა.

მასტიტისმაგვარი კიბო უფრო ხშირად ვითარდება ახალგაზრდა ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ამ დროს სარზევე ჯირკვალი დიფუზურად გამკვრივებულია, მტკივნეულია, კანი ჰიპერემიულია და ტემპერატურა მომატებულია. დიფ.დიაგნოზი ტარდება მწვავე ჩირქოვან მასტიტთან. ძალზე აგრესიულია და პროგნოზიც ცუდი აქვს.

შეშუპებით – ინფილტრაციული კიბოს დროს, ძუძუს მფარავი კანი, დვრილი და არეოლა შეშუპებულია, გამოხატულია ,,ფორთოხლის კანის’’ სიმპტომი, ჰიპერემია. პალაპციით სიმსივნური კვანძის გასინჯვა გაძნელებულია. შეშუპება განპირობებულია ლიმფური გზების მეტასტაზური ემბოლით ბლოკადით ან სიმსივნური ინფილტრაციის ზეწოლით.

კიბოს „ჯავშნიანი ფორმის“ დროს სიმსივნური ინფილტრაცია ძუძუს გარდა გულმკერდის ზედაპირზეც ვრცელდება, ზოგჯერ მეორე ძუძუზე. მფარავი კანი გასქელებულია, ფიქსირებულია, გამოხატულია ჭარბი პიგმენტაცია. ძუძუ ზომაში შემცირებულია და შეჭმუხნილია. სიმსივნური ინფილტრაცია ზეწოლას ახდენს გულმკერდის ზედაპირზე, როგორც ჯავშანი. ავადმყოფს აქვს გულმკერდის შებოჭვის გრძნობა.

ცისტიკარცინომისა და მედულოკარცინომის დროს სიმსივნური წარმონაქმნი ზომაში შედარებით დიდია, რბილი კონსისტენციისაა და კეთილთვისებიანი სიმსივნის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ძუძუს კიბოს იშვიათი ფორმებიდან საყურადღებოა აპოკრინული, ბრტყელუჯრედოვანი, კოლოიდური კიბო, რომლთა კლინიკური გამოვლინება დიდი სიძნელეებთანაა დაკავშირებული.


ძუძუს სარკომა

იშვიათი დაავადებაა. მისი დიაგნოსტიკა საკმაოდ ძნელია. სიმსივნეს ახასიათებს სწრაფი ზრდა და აღწევს დიდ ზომებს (3-დან 25 სმ-მდე). კიბოსაგან განსხვავებით, სარკომების დროს თითქმის არ გვხვდება უმბილიკაციის, დანაოჭების სიმპტომები, დვრილის ჩაზნექა, ბაქნის და ფორთოხლის კანის სიმპტომები.


პეჯეტის დაავადება

ინგლისელმა ქორურგმა პეჯეტმა 1874 წელს პიველად აღწერა დვრილის დაავადება, რომელიც კლინიკურად როგორც ეგზემა ისე მიმდინარეობდა. არსებობს შემდეგი ფორმები: 1. პეჯეტის ტიპის კიბო, მხოლოდ დვრილის არეში დაზიანებით; 2. პეჯეტის ტიპის კიბო, დვრილისა და ძუძუს ერთდროული დაზიანებით; 3. პეჯეტის კიბოს კვანძოვანი ფორმა.
დვრილის არეში არსებული პეჯეტის კიბო კლინიკურად წააგავს ეგზემას, რის გამოც ხშირად ავადმყოფები სამკურნალოდ დერმატოლოგს მიმართავენ. შეუხორცებელი დვრილის კანის ეგზემა, რომელიც არ ექვემდებარება დერმატოლოგიური მკურნალობას, განსაკუთრებით საშუალო ასაკის ქალებში, ეჭვს იწვევს პეჯეტის კიბოს არსებობაზე.

ნიშნები რომელთა არსებობის შემთხვევაში ეჭვი უნდა იქნეს მიტანილი ძუძუს კიბოზე

1. ძუძუს ასიმეტრია;
2. ძუძუს ან მისი ნაწილის დეფორმაცია;
3. ძუძუს ნებისმიერ ადგილზე კანის ჩაზნექა, რაც უფრო შესამჩნევი ხდება კანზე ორი თითით ნაკეცის აღების მცდელობისას;
4. შეწითლებული ან სველი დვრილი, მისი არასწორი ფორმა, დაწყლულება, გასქელება ან ჩაბრუნება, რომელიც არ სწორდება;
5. ძუძუს ,,ლიმონის ქერქისებრი’’ შეშუპება;
6. ძუძუს ქსოვილის ნებისმიერი გამკვრივება, რომელიც პალპაციით ისინჯება (მისი ფორმისა და ზომის მიუხედავად);
7. ერთი ან რამოდენიმე გადიდებული ლიმფური კვანძის არსებობა იღლიისა და ლავიწზედა მიდამოში.

ძუძუს კიბოზე საეჭვო ერთი ან რამოდენიმე ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში მიმართედ მამოლოგს.